...იქ იფიცეს ერთობით არაგველთ ჩვენს ერთგულებაზედ...

ერეკლე მეორე და 300 არაგველი
ერეკლე მეორე და 300 არაგველი
ვახტანგ (ალმასხან) ბატონიშვილი (ბაგრატიონი)
ვახტანგ (ალმასხან) ბატონიშვილი (ბაგრატიონი)

 

 

 

 

კრწანისის ომიდან წლისთავზე, ვახტანგ (ალმასხან) ბატონიშვილს არაგველების შთამომავლებთან ერთად, მათი სულების საოხად, ნაღვარევის წმ. გიორგის ეკლესიაში თასი შეუწირავთ შემდეგი წარწერით. დღეს, ეს თასი ჯანაშიას მუზეუმში ინახება

 

ქ. შენ წმინდისა და დიდებულისა მთავარმოწამისა გიორგისა ეკლესიასა ლომისად წოდებულისა თასი ესე მსასოებელმა მფარველობისა შენისამან ყოვლისა საქართველოსა მეფის ირაკლის მეორის ძემან ვახტანგ მპყრობელმან არაგვისამან ოდეს ჩღჟზ წელსა აღამაჰმადხანის მერედ მომავლობა გვეგულებოდა და ჩვენ შენს დღესასწაულზე მოვედით და არაგველნი სრულ აქ გვახლდნენ და შენი დიდებული ბავრაყი ნაღვარევის ეკლესიაში ჩამოვასვენეთ და იქ იფიცეს ერთობით არაგველთ ჩვენს ერთგულებაზედ და უნაკლოდ ლაშქრობაზედ და თუ ვინმე შემსახიზნავად სულ იყვნენ იმის კეთილად დაცვაზედ და ამისათვის შენი დიდებულის ბავრაყის პატივისაცემლად მოგართვით თასი ესე შეიწირე მსგავსად მეუფისა შენისა და იოხენ მათთვის რომელნიც არაგველნი აღამაჰმადხანის ომში მოისრნენ რათა საუკუნესა ცხოვრებასა ღირს იქმნენ მისხალნი პ. (80)

 

 

 

 

მასალა მხატვარ ილო პატაშურმა გადმოგვცა, რისთვისაც მადლობას ვწირავთ

 

ვაჟა- ფშაველა 

 

დანაბარები

 

Ι

თბილისი სპარსთა დაიპყრეს,
მიდ–მოდის სისხლის ღვარები;
მეტეხს უსწორდა მტკვრის ძირით
ქართველთ მოჭრილი თავები.
სად არი პატარა კახი?
სადაა ქართველთ ჯარები?
რად არ ჩნდებიან მეშვლადა
ხმალ–ამართული მკლავები?
– სისხლმა დაფარა ფხა ხმლისა,
მიწამ დაჭიმა ფარები,
ტიალ კრწანისმა მოგვშრიტა,
დროშებს დაგვიწყდა ზარები.
ვაჟკაცთ შეაკლეს მტერს თავი,
შინ არვინ მომავალია,
ატირდა ცხარის ცრემლითა
მზე მთის პირთ ჩამავალია,
ვინც უღალატა მეფესა
და გაგვილაღა მტერია,
არ დაივიწყებს იმათაც
ტანჯული ქართვლის ერია;
იმათ სახელი, ხსენება
წყეულთ სიაში სწერია.

ΙΙ

შეძრწუნებულსა მთა–ბარსა
ძილი არ ეძინებოდა.
სხივი მთვარისა
სქელს ქედზედ ეფინებოდა.
არაგვი ჰღრღნიდა კლდეებსა,
სანგრევლად ეღირებოდა,
გაღმიდამ მგელი გამოღმა
ცხვარს ძმობას ეპირებოდა.
გაწყვეტა ჩვენის ჯარისა
ჩვენს მტერს რად ეწყინებოდა?
არაგვში ცხენი მოცურავს
უმხედროდ, უნაგრიანი;
ვინ ანდო ცხენსა აბჯარი,
ფრანგული მელანქრიანი?!
ან ეგ სამეფო გვირგვინი,
ზურმუხტ–ალმასის თვლიანი?!
წყლის პირს მხედარიც გამოჩნდა,
მოხუცი ცხვრის ტყავიანი;
ეგ ლომი საქართველოსი,
მტერთად ნათქვამი მეხადა,
ლაშქრობას ჩამოღალული,
ლურჯას მასდევდა ფეხადა.
ხელს უქნევს წასასვლელადა,
შამაუძახა მჭეხრადა:
“წადი, ტიალო, ვის უცდი,
მუხლში ჩაუშვი ქარიო?!
დარეკონ, უთხარ, ქალაქში
სამგლოვიარო ზარიო.
ნუღარ ელიან, სრულ გასწყდა
ერთგული ქართვლის ჯარიო
ვინც მიღალატა, იმათი
გამგებლია ჯვარიო…
სხვა მოიძიონ პატრონად,
სხვას დაუკროდენ თავიო,
სხვას შამაარტყან წელზედა
ჩემი ნარტყამი ხმალიო.
წადი, ტიალო ლურჯაო,
სწრაფად იარე, მალადა,
შენც სხვა მოსძებნე მხედარი,
მე წელს მოვიდრეკ ძალადა.
მე რისთვის დავრჩი ცოცხალი,
ცოდვა ექმენ შეუნდობარი,
ვერ მოვკვდი იქა, საცა სხვა,
ერთი ქართველი მხედარი.
არ დამაცალეს შვილებმა
მტრისთვის შემეკლა თავია…
აღარ დამწვავდა თვალებსა
ქვეყნის სვე–ბედი შავია!
მე ვერ წამოვალ თბილისსა,
ვეღარა ვნახავ თვალითა
თვით ქართველთაგან შემუსვრილს
და მორწყულს ცოდვა–ბრალითა.
ან აქ – მთიულეთს – დავრჩები,
ერთგულნი ყმანი არიან,
ან არა, წავალ კახეთსა,
თელავი მიყვარს ძალიან.
არ დამიფასდა, ამაგი,
დროს გავატარებ გლოვაში.
კარგის მყოფელი გაიგონ
ქართველთ, უფალს ვთხოვ ლოცვაში.
სხვაფრივ თუნდ მოვკვდე, ვიცოცხლებ
თუშ–ფშაველ–ხევსურთ ხსოვაში”.

1900 წ.