თამარ ბურდული

 

თამარ ბურდულის ხელოვნება: პოეზია, ფერწერა

 

 

 

 

არცვისსაფერნი სვილისფერანნი

 

ეძღვნება ჩემს ქალიშვილს ალექსანდრა, ნიტა ბურდულს, უტკბილეს მეუღლეს იოსებ ბურდულს, სამუკათ ხვარამზეს, ილუმენია თეოდორას, სანუკვარ მეგობრებს, მათ შორის დანიის პრინცს ჰამლეტს: `მე სახსოვრები რომ მაქვს თქვენგან, დიდიხანია მინდოდა უკან მომერთმია, ხელმწიფისშვილო

 

 

 

`... მან განანათლა თუალნი გულისა ჩუენისანი და მოგუმადლა ჩუენ ცნობაი მისა მიმართ... ვეძიებდეთ მას დაუკლებლად. ნეტარ არს რომელმან განჰმზადა თავი თვისი, რაითა აღივსოს სიყუარულითა მისითა, რამეთუ სხუაი სიყუარული

სანუკვართ...

თრთოლვით დაჰკვლევდა, დაჰღიღინებდა

მიღმიერ დრეთა მოსაგონარებს:

პაპიანთ ბატარა ქალას

ცხორი ცას მიუდიოდა,

ცხორი ცად მიუდიოდა...

გულსაგონშიით კიაფობდნენ

მწუხრშემკმარი კამკამღილანი,

ისრივ მათ უნდა დარჩომოდათ

მისი ბავშვობა... მისი სულისთქმა

საწუთროსათვინ დასაწყრულებლად

ერთწამისად გამოხსნილი

წყალშიით შლილი მარადისობა,

უტყვი წარსულის ანარეკლი,

პატარა გოგოს ყოილთვალები _

განხმულ ცისკარი,

სანათას მზერას ენაცვლებოდა _

მანუკვარ შორეთს... უსასრულობას...

შორს... წლების იქეთ... დროის გადაღმა...

მიმწუხრიდან პირაქათ მხარეს,

შებურვილი სევდის პერანგით,

სიკვდილის დღისთვინ სახილველი

ვიდოდა კაცი სვილისფერაი...

როგორაც დახსნილ ტკბილსახსოვარნი

ისრე სწყდებოდნენ ხექალას ბაგეთ

დაძრულ სიტყვანი

შესაგებელნი ძმასაქმაროსთვინ:

`შენ მოხველ, მზეც ამოვიდა,

მეც აქ მოვშავდი ქოლვილი...

შენ წახვალ მზეცა წავალის,

ვარდი დაჭკნება, ყოილი...

ტურფა ბაღი და წალკოტი

ეკლითა ვინემ შენარა,

რკინისა კარი შეაბა,

კლიტე მე მომცა, შენ არა,

სიკვდილსა შენსა სანაცვლოდ

თავსა მე მივცემ, შენ არა!..

ეჰაა, ისიც მამერგოს _

მე მიყვარდე და შენ არა...

თენდები... ნურც რას თენდები,

დიდო ღამეო სთვლისაო...

ამოხვალ ნურც როს ამოხვალ

ცისკარო თენებისაო...~

გაშლილი თითნი გულზედ ესხა

როგორც შროშანნი

მთვარიანში აყვავებულნი...

მრეროდა ქალი...

წლებს იქათ, სადამ...

მწუხრის გადაღმა

ვიდოდა მოყმე სვილისფერაი,

თან მიჰყვებოდა განხმული მზერა _

ულურჯესი ცისკაბადონი...

იშლებოდნენ კამკამღილანი...

შორს წლების იქეთ, ხევის გადაღმა

ხდებოდა მგზავრი სვილისფერაი...

სანათა მაინც გაიხსენებდა...

ცისად მანუკვარ ამოსთქომდა

ღრუბლის სიმღერას...

იმ სიმღერისას იუბნებდა

კაცის თვალებზე...

ყვავილმინდვრებზე

გზად რომ იხილა...

თავად ღრუბლებზე... იქავ თვალშიით

რო აშალნეს ჩამამხდარ ფრთენი.

მარტუა იდგა ახოთ ქედაზე,

მარტუა, ერთა, როგორც ხვარამზე,

როგორაც სხვანი, სხივთმოქსოილნი,

არცვისსაფერნი სვილისფერანნი,

დაღდასმულნი გულზედ შროშანით.

მარტუა იდგა ახოთ ქედაზე...

მარტუა სხეპდა ნაფუძვნარშიით

წელამდინ მოსრულ ნამუკმევ ბალახს...

წუხდა სანათა... ეჰაა, ისეთა არღა იდგნენ

სამზეოს ცისქვეშ დაჟამკვრულ კდენი,

ნაშალყორენი... თამაშობისას დაჰკარგვოდა

წაწალს სათითე ტკბილსახსოვარი,

თამაშობისას შემოხსნოდათ

ხელთფსკვნილ ზალტენი...

ეგების არღა წვიმდებოდნენ

თეთრი ღრუმბელნი...

სანათასათვინ ფთებსაც რო შლიდნენ

განხმულ ცისკარზედ...

`ვამე, რა მარხედ მიყორხარ...~

ტიროდა ქალი... თავსამც ერჩივნა!..

ცაი თუ მიწა... ხენი თუ ფშანი მურყნოვანნი?..

დაჯავრულ ლოდნი, სიპთნასხეპნი...

სრავალ მასკვლავნი მთოვარენი...

ღრუმბელთ სამწყსონი...

ვით განერჩივნა,

რა მაერქმივნა, ამ წყურვილისთვინ...

თრთოდა სანათა...

ფიქრსაგონშიით უხილველ შემწედ

თვით პასუხი იბადებოდა _ ზესახიერი...

სანუკვარი, კდესურვილაი, პირზედ შროშანი,

უტკბილესი თავად სიტყვაი _

შემოქმედი კიდით-კიდემდენ...

სიტყვაი ქმნიდა... ახმიანებდა

უვრცელეს სამწყსოს...

`რა ვქნისა~ ციხე ავაგე,

ჯავრი შავაბი კარადა.

საიქიოდან მოიდენ

ამ ციხის სანახავადა.

ბევრი უარეს ციხესა,

კარ ვერ გატეხეს ძალადა.

მემრე თქვეს დრო რო მოალის

კარ გაიღების თავადა~.

ამოსთქომდნენ არცვისსაფერნი,

სხივთმოქსოილნი, სვილისფერანნი,

ღიღინით სთვლიდნენ:

`მთვარეო მთვარის ნალეო,

ჭიჩოს თავ მოდი მალეო...~

დაუყუჩარი სიტყვისა ძალით

ხელდასხმული ეგებებოდა სანათაი

ზეციურსა ძმასაქმაროსა.

 

 

ხვნა-თესვას მახდნენ ციურნი,

ტალღა-ბელტთ ამაჰყრიანო,

ფშანზენით წვიმათ აპნევენ,

თავქვენით ჩამამკიანო.

არღა ხანობენ ღვთისანი,

წყალწყალას ჩამარცვლიანო.

ცხრა ურემ ნისლიანასა

თვირთვილად ჩამასცრიანო

 

 

იქ, სადაც...
"ნუ გაიხედავ ფანჯარაში საიდანაც იწყება ღამე"
პოლ ვალერი

იქ, სადაც კარს იქით გვხვდება კარი...
იქ, სადაც ღრუბელთ გარდიტანს ქარი,
იქ, სადაც მუდამ ეძებენ გზას,
იქ, სადაც ვერ პოულობენ ხსნას,
იქ, სადაც კითხვა იშვება მხოლოდ,
იქ, სადაც მე დავიმკვიდრე ბოლოს,
იქ, სადაც... ნუ მიმატოვებ, გთხოვ...
იქ, სადაც გადაივიწყეს დრო.

`მე ვიცი ის რომ არაფერი არ ვიცი

სოკრატე

`იყავით თავმდაბლები, ამაყად თავმდაბლები, როგორც ნამდვილ ქრისტიანს შეჰფერის, გახსოვდეთ კასტილიური ანდაზა: `არავინ არავინ არ არის~ ეხლა მაინც თუ ხვდებით რატომ ვართ დიდი ადამიანები თავმდაბლები?..

ხუან დე მაინერა

გათენდა დღე ფერდაცლილი

და დღე ცარიელი...

ვერაფერს ვხედავ...

ვერაფერს ვარჩევ...

და რომ ვერ ვხედავ

უხილავს ვამჩნევ.

არარა მესმის,

არარა ვიცი.

და ეს რომ მესმის

და ეს რომ ვიცი

იმიტომ მესმის სულყველაფერი...

იმიტომ ვიცი სულარაფერი.

ახოთ ქედ ერთა იაი

შუქურა მასკვლავთა სთვლისა,

წვრიმათპირ მაცქირალაი

სულწუხად რასმე ღივისა,

ქავთარათ ხიბლით შაძრული

ხვთისა დიდებას იტყვისა.

ვისზედ რა დაწუხებული

გულდალევითა სტირისა...

ახოთ ქედ ერთა იაი

მასკვლავთ სთვლის ისავ სძლისპირსა

 

მე ვირგებ ნიღაბს

(ჰამლეტს)*

 

“Розы?..Но ведь это же-тсе! – Будущность!

Рвем -и новые растут! Предали ль

Розы хотя бы раз? Любящих -

Розы хотя бы раз? – Убыли ль?...”

М. Цветаева

 

და უხილავი, გრძნეული ლანდი

გაკვეთავს სივრცეს... მოხედავს სცენას...

მე ვირგებ ნიღაბს...

ოო, ოფელია, ჩემო ძვირფასო...

წყევლად მოიქცნენ შენეული თეთრი ვარდები,

ღიღილოებმა დამათოვეს შავფიფქთა მტვერად.

მე ვირგებ ნიღაბს...

უნაყოფოა ეს სამყარო და მაინც ვეძებ

დაკარგულ გრძნობებს _ სიკეთეს ჩავლილს,

ვიღაც მეძახის... ახლოდან ისმის:

_ შენ ეი, ჰამლეტ, დანიის პრინცო, ნუღარას ელი!

არარსებულა ლურჯი ზმანება _ საუფლო შენი!

მე ვირგებ ნიღაბს...

ეს გარდუვალი გარდაცვალება

წინასწარ მტანჯავს,

ეს იდუმალი უსასრულობა

სულს რატომ ზარავს?!

ერთბაშად დაჭკნენ შენეული თეთრი ვარდები,

ღიღილოებმა ჩამოთოვეს შავფიფქთა მტვერად.

 

დაიწერა სპექტაკლ `ჰამლეტის~ ნახვის შემდეგ. ჰამლეტს თამაშობდა მსახიობი მერაბ ნინიძე.

ვის რა ამოსთქომს?..

 

`... თავისი სულისმიერი ქმედების სიმაღლეზე

იმ ერთი კაცის გამო კი არ ვაებდა, რომელმაც

მისი მკლავები სამუდამოდ გაშლილი დატოვა,

არამედ უკვე შეუძლებელი სატრფოს გამო

გოდებდა, მის სიყვარულს რომ შეეზარდა. ~

რ.მ. რილკე

 

`ან შენი ნანდაური მქნა

გულს ჯავრად ჩაგეჭრებოდი,

მარხედამც დაწუხებული

გზაზედამც შაგეყრებოდი~

ხვარამზე

 

ვის რა უძლევა სურვილ ჩაჰყოლავ ხევაის წყალსა,

ვის რა უთქმელა დარდა შაუკრავ მგზოვანის ძალსა,

ვის რა პირმცინარ ია ამოსთქომს ჯალაის კარსა,

ვის რა უძებნავ თავისფერაი მასკვლავას დარსა,

ვისა რა ნატვრა უპოვნავ ქარას იალათ გზასა,

ვისა რა სულთქმა დარჩობავ მნათად უძინარ ღამსა,

ვის რა ოხვრაი აავლევს ბეგით ხევაის ჩქამსა,

ვის რა ჩდილაი თამაშობს ბუქვნით პაპიანთ ბანსა,

ვის რა სასთაულ უქცევავ ლოდად უხდინარ ჯავრსა,

ვის რა ცრემლაი ულევნავ მთორეს აღვსების ჟამსა,

ვის რა მზერაი დაჰკვლევსა აროთ უხელნავ ცალსა,

ვის რა უწირნავ კდესურვილაი კვირიის ხატსა,

ვის რა ჩაშჭკნობავ ღარადელაი ხელუხლავ თმასა,

ვის რა გაუგავ სწორფერისაი, მეტობდინ ავსა,

ვის რა დარჩობავ, ვის რა წაუღავ სულეთის გზასა,

ვის რა ამოსთქომს ნელსუნნელაი ჯალაის კარსა,

ვის რა ჩდილაი თამაშობს ბუქვნით პაპიანთ ბანსა,

ვის რა დაასხამს სულთპეპელაი ნაკმეჭა ფთასა?..



 

ჯალაის კარი _ საგვარეულო სამარხი (ქავთარათას)

ღარადელა _ ყვავილთა წნულა...

 

 

ხედ რამა გავხე, რაი შამიძლავ?..

მარტუა შავჩი ჩამამკილ ყანას.

წუთისოფლისა ვერცრა გამიგავ,

ღილკილოდ ვისხამ ჩამამწყდარ ნამას.

ფათოლსაგონას ჩავავლევ მიწად,

ჭირად ვუხდები ბილიკზედ მავალს,

ვისამა ხელჩი ვკამკამობ მძივად,

ვისამა ფეხას გავებმი ჯღანად.

 

 

მზე დედაა ჩემი, მთვარე მამა ჩემი...

 

დღისად ღამის გასაყარ

მზე და მთორე სთვლისა:

`ხავსით ნაქარგ სიპსა,

შვიდფერაის ღიმსა,

წყაროს ბროლა კბილსა,

შინდის ტკბილა მძივსა,

ციდამ ციმციმ ხსნილსა

მასკვლავთ ბმულა შიბსა.

პეპელაის თრთვილსა,

ცისნამაის ფსკვნილსა.

ბებერაის კალათას

თამარს ვუწყობთ მზითვსა,

სხო არცრაი მაჰგონავ,

ქარს ფთედ აჰკროდისა,

მიწას ჩამამცქირალი

ცრემლას ჩაშლიდისა

 

 

ვუძღვნი ჩემს პაპას თევდორე ქავთარაძეს

 

`ნეტარ არიან გლახაკნი სულითა,

რამეთუ მათი არს სასუფეთელი ცათაი~

მათე 5,3.

თევდორე მწყემსის თვალთა შიგან გამომავალი ზეციური ნათელი, ამცისქვეშეთში დამკვიდრებულ ყოველ სულიერს ხარებად, მადლად ეფინებოდა, მას არასოდეს არავინ განუკითხავს... ბოროტების წილ ბოროტი არავისთვის მიუზღავს... თანასოფლელები ამ ხვთისნიერ, ცოდვილთა და მტერთა შემწყნარებელ ადამიანს საწყალ თედუას ეძახდნენ...

 

 

ნეტა, ვინ გლოცვიდა, თევდორე,

საწყალო, ზეციერო თევდორე?..

`თვალთაგან ლოცვაი გხდებოდეს,

პირზედა შროშანი გჩნდებოდეს,

ყოილთა სუნნელით სტკბებოდე,

წვიმისა წყალობით სთვრებოდე,

ყოველსა დაცემულს შველოდე,

ყოველსა მწუხარსა ჰფერობდე,

გაზაფხულ თოვლისად ლღვებოდე,

ცისკარსა გალობით ხლებოდე.

ავთოვლსა, გულლოდსა სწყრებოდე,

სძლისპირსა შენდობად სცხრებოდე.

წმიდითა აღვსებულ ჰკრთებოდე,

უფლისად განდობილ ჰკვდებოდე.

ყოველსა სწყალობდე, თევდორე.

არვისსა ძრახვიდე, თევდორე~.

რა ძალი გლოცვიდა, ნეტარო,

სულხსნილო, საწყალო თევდორე?

ცათაშინ მასკვლავნი ზეობდნენ,

ზენა ხმას ზეპურნი ჰყვებოდნენ:

`თვალთაგან ლოცვაი გხდებოდეს,

პირზედა შროშანი გჩნდებოდეს,

გულლოდსა, უღმრთოსა სწყრებოდე,

სძლისპირსა შენდობად სცხრებოდე~.

 

ზეპური _ ზეცის პურის მტე (ს.ს. ორბელიანი)

 

წვიმის წყლის ძაფებს დავართავ

იოსებ ბურდულს

 

წვიმის წყლის ძაფებს დავართავ,

ცვარ-ნამს წამოვკრეფ დილბინდზე,

ღრუბლებს ქარებით ავკაფავ,

მზეზე დავაშრობ ფითილებს

კიოთ მავხელავ მასკვლავებს,

ქედას ჩამამხდარ მნათებსა,

მზესვე გამოვთხოვ საჩეჩელს

დავკონავ ყოილნართებსა.

შენთვინ ჩამავშლი ცის ბილიკს _

ცის ვარდნარს შვიდფერიანსა,

ჯაჭვის პერანგად ჩამავწნავ

მანანას იმ სევდიანსა,

უცვეთ საჩერნედ დავძახავ

მატალას თეთრ დარდს ქვიანსა.

აბჯრად აგასხამ ცრემლშიბას.

ბეგთარს დაგიქსოვ მზიანსა.

ვერრა ფრანგული ვერ გასჭრის

ხელთქმნილსა თილისმიანსა.

მემრე დაგხურავ დღის ნათელს,

სულშიდ დაგირგავ იასა,

გულს აგიყვავებ, დავვარსკვლავ

შენს წუხილს ბნელღამიანსა.

მხრებზედ მოგახვევ ჩემს მკლავებს

დაღალულ სურვილიანსა.

თმას ჩამოგიშლი გულმკერდზედ,

დავყუჩავ ტკივილტიალსა,

ჩემებრ ვერავინ იფარვებს

სალკლდესა სულსიპიანსა.

 

 

მოვხელავ ბილიკს ჩაშლილსა,
უნდოსა, ძნელად სავალსა,
გავყვები საცალფეხოსა
თქვენი სულისკენ მავალსა.



ლაზარეს

ღვთისა უტკბილეს რა იქნებოდა,
იყო და არცრა იყო რა, ლაზარე...
ბატონის წყარო დიოდა,
ჩუხჩუხით რასმე ჩიოდა,
ბურვანას ანწლი ღვიოდა
ყელს მძივი ჩამასდიოდა.
პაპიანთ ბატარა ქალას
ცხორი ცას მიუდიოდა,
ცხრა წყაროს, ცხრა მთის ხელმწიფეს
ბანს ია ამასდიოდა.
მგზოვანის წვერის ანგელოზს
კარს მთორე დაუდიოდა,
ნიავწვრილისა მხმობარი
გულსა ერთგულსა ჰკვლიობდა.
იყო და არცრა იყო რა,
მთას იქათ მზე ჩადიოდა,
ღვთის მადლით მანათობარი
მთას აქათ ამადიოდა.

 

საზეპურონი

ვუძღვნი ეთერ თათარაიძეს


საუფლო სიტყვით აპურებდნენ დამშეულ ფრთოსანთ.

ასწლოვან ბაღებს, დაკარგულ მცნებებს

ასხივოსნებდნენ ხვთის პურის მტენი --- საზეპურონი.

 

ქვეყანას აქავ გაგვყარა

საზეპუროთა სამკალმა,

საყდრის კართაით დახსნილმა

შუქმა ხევს გადამავალმა.

მწუხრიხან საგონს მოსრულმა

უხსოვარ სიტყვის ნაშალმა,

ფეხადმოარულ ნიავმა,

წვრიმათპირ ჩამომავალმა,

ღრუბლის სათიბად დაძრულმა

მთვარის თავგადასავალმა,

შიბიან შესამოსელმა -

მასკვლავთა გამონაცვალმა.

გულს სიპად დაღირებულმა

სწორფერის შემონათვალმა.

ავდრიან წუთისოფელმა,

ლექსად მოძალულ სამკალმა.

ორწყალზედ გაქვავებულმა

სასისკრო წვიმის ნავალმა.

 

სანთლის მხედრები

 

დაწუხებისას, აღვსებისას

ვიგონებ ბერებს.

წუთისოფლიდან გარდამოხსნილ

სინათლის მხედრებს.

სულთმოფენობას თვალხმიერად

მგალობელ ფერებს.

მონაზვნის ხელზე დასვენებულ

თბილ სეფისკვერებს.

მშვიდ მეფსალმუნეთ, საცნაურად

უცდომელ მცნებებს.

დარწეულ სკვნილზე ხელდასხმულთა

უტკბილეს ბგერებს.

მიწისპირიდან ატაცებულ

ცად მომლოცველებს.

საყდრის წერილზე ქერუბიმთა

შესამოსელებს.

 

ქვათასწორ

 

ქვათასწორ, ჭირით ნალევი

ბერდედა უბნობს ბანზედა;

მოღალულ სიტყვა მომიდის,

დაშიბულ სისკრის ხანზედა.

მთორე საფშავლოს დამრჩალი

დამისვენებავ მხარზედა.

ლემადეთ ნაქონ-ნახვევი

ფესტემალ მაცვავ ტანზედა.

ლურჯ პეპლებ გზად მიყოლებენ,

ფთეწვრილთ მაფენენ თვალზედა -

მხლებელნი უკენობისა

სულეთის მისავალზედა

მოვერცხლილ თვირთვილთ მაპნევენ

სახიან ჩიქილაზედა.

თენდების“ - უბნობს ბერდედო,

გარიყულ ნისლის ბანზედა.

 

შავჩოხოსანი

 

ხეობის ბოლოს, აბალახებულ მინდორშიით, ნიავქარისაგან ზენაით ატაცებული ჩოხა დაფრინავდა...

შლილნასახლარის შემორჩენილ კედლებს თავგამეტებით ეხლებოდა საგულისპირეს სულჩამდგარი,

უკაცრიელი სოფლის უკანასკნელი შავჩოხოსანი.

 

მარხედ მოძალულ ბალახი

მამულსაც დაითავისებს.

ამომხდარ ნიავჩრდილაი

თავქვენით ცელავს სათიბებს.

უკლოდ ჩახვეწილ არსაით

სულეთის გზასამც გაიკვლევს.

გაწირულ, ნახვევ გულისპირ

მიწის საკინძეთ მაიკვეცს.

ფრენით ჩახდების სახლშიით,

უცვეთ ახალუხს მაიხდენს,

უჩინარ ნიავწვრილაი

ნატირალ ჩოხას ჩაიცმევს.

ვის ბანს გადივლის ბალახი,

ვის მამულს დაითავისებს?

შავჩოხოსანი ნიავი

უდუმლივ ცელავს სათიბებს.

 

საგონთ ნაწრთობი

 

ნისლად მივალის შუაფხოს

თანთ წვიმის პერანგ სცვივისა.

ავდრიან თავსამკაული

ორწყალთით აუსხავისა.

მიღმახევ თავად არჩია

სათიბნი ნარეკალისა.

გზად იწრო საცალფეხონი

უკლევ სავალნი ჟამისა.

საგონთ ნაწრთობი სიტყვანი

უხსოვარ წინაპარისა.

ფრთეთ სიპნი - სიპზედ ნაჭდევი

იათა ნატერფალისა.

 

წვიმაი ეღირებოდა

მარიამ ხუცურაულს

 

წვიმაი ეღირებოდა...

თექით შებურვილ ცას ვკვლევდით,

წვიმაი ეღირებოდა...

წაწადხევ ორთავ დავსველდით,

წყალ ვეროთ დაგაღონებდა,

სამწუხარს ვისთვის აკმევდი;

უმძრახსამც დამიტირებავ

ანწლიან ნაფუძვნარები,

მამკვდარ, დაჩეხილ თუნგები,

მიწისთვის ჩამამხვდარები.

უღმრთოდ დაყიდულ ფარდაგნი

სევდიან სახოვანები“.

წვიმაი ეღირებოდა,

თექით შებურვილ ცას ვკვლევდით.

უკლოდ დაწვიმეს ჭალანი,

ანწლიან ნაფუძვნარები.

 

ფიქრთსამკალს

 

კლდედ მიცნავ, შუქდ მამგონავ,

სიკვდილსამც დავიწყებია.

უდუმლივ ჩამომავალი

საკმიით დამიკვლევია.

სამკალსამც დამიღამებავ

მკლავთით ქვა შამიხვევია.

სთვლის ღამით დავიწყებული

ფიქრთსამკალს მამიხელვია.

 

წყალთით

 

განგებამ წყალთით მასწავლა

ხმობა უმძრახთა ძალისა.

უხდინარ წუთისოფელმა

დათმობა წარმავალისა.

მზემ ჩემი მეგობრისამა

სიტყვით თენება ღამისა.

ცადმოარულთა სურვილმა

მოხელვა უხელნავისა.

მწუხრსაშინ

 

ხელთუქმნელ ნისლის ფარდაგით

ცას დავალ უნაპიროსა.

ზეპურნი სულთქმას სწირავენ

უჩდილო სხივთა მიმყოლსა:

მწუხრსაშინ ფრთემოკეცილი

კლდეს ლოცვით დაემკვიდროსა,

თვალს ცრემლი ამოარიდოს,

უმძრახ წყალთ დააწვიმოსა.

ცილისწამების მოწილეთ

სიმდაბლით განერიდოსა.

ჯავრი მზედ ამოიყოლოს

საწუთრო დაითმინოსა“.

სულხან და ლელა ჭიკაიძეებს

 

ერთსულად აიძრახავენ

შემწე, სანუკვარ სიტყვათა,

ლელას თმა იად ყვავილობს,

სულხანის გასაკვირადა.

 

კლდის ძირ არაგვი დადგების,

ცალ მურგვალ მთორე დაჩნდება.

გულსუწადინოდ,უღრუბლოდ

უწვიმრად გაავდარდება.

 

ჭიკათას, სულხანის მზემა,

თავშავა გალობს მინდვრადა.

თმაშიით ყოილს მაიკვეცს

ქარისთვინ შესაწირადა.

 

ერთსულად აიძრახავენ

მანუკვარ, საღმრთო სიტყვადა.

თვალხმიერ გადააქცევენ

წკვარამს დღედ, ქვიშას მძივადა.

მაია მირზიაშვილს

 

კვლავ ვუბრუნდები შენეულ სივრცეს -

ლურჯ ზამბახებით დანისლულ ბაღებს.

მწუხრის პეპლებმა ჩამოიარეს,

წუხელ საყდარში ათევდნენ ღამეს.

 

აცხადებ კვეთავ არქაულ მითებს,

სუნთქვას იწყებენ ფარშევანგები

ვერცხლით მოჭედილ სადაფის ჩიტებს

ცის სახილველად დავემგზავრები.

 

სიმდაბლისა და სიცრუის მიღმა

აზრით მაღალნი შემოგხვდებიან.

საარაგვოზე დღეს სუფევს მირქმა,

საარაგვოზე მკვდრეთით დგებიან.

 

თვალნათლივ ვხედავ შენეულ სივრცეს,

მირზიანთ ბაღში დანთებულ ძახველს.

გიშრის პეპლებმა ჩამოიარეს,

საყდრის კედლებზე ათევდნენ ღამეს.

 

აბსტრაქციიდან ცას შეწყობილი

 

მიწა ბერწი და ქარი ორპირი,

ამპარტავანთა ბნელი ცდომილი.

მკვდარი ღიმილი,

ყალბი პროფილი,

აბსურდისაგან გამოწრთობილი.

საკუთარ აზრით ბრმა,

შეპყრობილი.

არსით უხამსი -

სათნოდ ცნობილი.

სიცრუე მრწამსით უარყოფილი.

დაღამებულთა მცდარი ცდომილი.

 

იმავდროულად განსხვავებული,

აბსტრაქციიდან ცას შეწყობილი.

მწუხრის რჩეული, მხოლოდშობილი,

განყენებული ჩემი პროფილი.